English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ირაკლი არაბიძენუნუ ოვსიანიკოვა
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა: ლატვიის გამოცდილება

შრომის უსაფრთხოების სისტემა ლატვიაში  პოსტსაბჭოთა პერიოდში მრავალი წინააღმდეგობისა თუ გამოწვევის წინაშე იდგა, რომელსაც თან  დიდი გარდაქმნების პერიოდი ახლდა. ცვლილებები მოიცავდა ფორმირების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ფუნდამენტურად განსხვავებული კანონმდებლობის შემუშავება, ახალი მოთხოვნების იმპლემენტირება ეროვნულ კანონმდებლობაში, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საექსპერტო საქმიანობის გაუმჯობესება შრომის ინსპექციაში და სხვა. ამავდროულად, ლატვიის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია იცვლება რადიკალურად და ყალიბდება ახალი კომერციული ორგანიზაციები, რომელსაც თან ახლავს გარკვეული ინდუსტრიული სექტორების დომინირება.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ცვლილებამ გამოიწვია საწარმო/დაწესებულებების დონეზე შიდა უსაფრთხების სისტემების ცვლილების აუცილებლობა და მისი თანამედროვე სტანდარტებზე მორგება.

სწორედ ამ პერიოდში ვითარდება პრევენციული მიდგომა, რომელიც ეფუძნება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების პრინციპებს. ლატვიის შრომის უსაფრთხოების სისტემა აგებულია ქვეყანაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე, დასაქმებულთა სიცოცხლისუნარიანობის გაზრდასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

აშკარაა, რომ ცენტრალურ დონეზე გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს ფუნდამენტურ საფუძვლებს პრევენციული პოლიტიკის გატარების ეტაპზე და ქმნის საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების მყარ გარანტიებს. 

ამ მიზნით, ლატვიის მაგალითის შესწავლა წარმაოდგენს მნიშვნელოვან ფასეულობას საქართველოს, ასევე მეტ-ნაკლებად მისი მსგავსი  პოლიტიკური და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის.

საკვანძო სიტყვები: შრომის უსაფრთხოება, პოლიტიკის ფორმირება, ლატვიის უსაფრთხოების სისტემა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

შრომის უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის საკითხის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და შესაბამისი ხელშემწყობი ინსტუმენტების იმპლემენტირებას.

1991 წელს ლატვიის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას მოყვა  გარდაქმნების პერიოდი ქვეყნის ისტორიაში. თავდაპირველად სახელმწიფოში მთლიანად მოიშალა საზედამხედველო კონტროლი კერძო კომპანიებზე და დამსაქმებლების მხრიდან სრულიად იქნა იგნორირებული შრომის უსაფრთხოების წესები. უფრო მეტიც, გარდამავალი პერიოდის შრომის ბაზარი ვერ უზრუნველყოფდა დასაქმებულების დაცვას საწარმოო ტრავმატიზმისაგან და მას დამსაქმებლის კეთილ ნებას უკავშირებდა. ქვეყნის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები უფრო მეტად უკავშირდებოდა ეკონომიკური პოლიტკის გაძლიერებას, ვიდრე სოციალური გარანტიების შექმნას სახელმწიფოში [1].

1993 წლამდე ლატვიას არ ჰქონდა დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, ახალი ინსტიტუტის სტრუქტურული განვითარება რთულ ამოცანას წარმოადგენდა იმდროინდელი მთავრობისათვის, თუმცა, 1995-1998 წლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამის დახმარებით, ლატვიამ შეძლო შრომის უსაფრთხოების დაცვა გაეხადა სახელმწიფო პოლიტიკის საკვანძო საკითხი.

შრომის უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის ფორმირება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარების პროექტების გათვალისწინებით, ლატვიის შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები 2000-იანი წლების დასაწყისში გადაიდგა, რაც აისახა ახალი ნორმატიული აქტების შემუშავებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიებით, სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობით, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებითა და შრომის ინსპექტორთა ეფექტიანი მუშაობით [2].

აღსანიშნავია, რომ ლატვიაში ახალი კანონმდებლობის შემუშავება და მიღება ერთ-ერთ მთავარი გამოწვევას წარმოადგენდა ბიზნესისთვის. შრომის უსაფრთხოება არ იყო ადვილად ადაპტირებადი სიახლე კომპანიებისათვის და მისი მიღებისთვის 10-15-წლიანი პერიოდიც კი გახდა საჭირო. ახალი პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბების პირობებში შექმნილი საკანონდებლო პროექტები ითავლისწინებდა არსებულ მოთხოვნებსა  და საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების მაქსიმალურად გაზიარებას.  გარდაქმნების პერიოდში გადაწყვეტილების მიმღებნი ხვდებოდნენ, რომ გასათვალისწინებელი იყო კომპანიის ისტორიული წარსული და იმ მიდგომებზე დაფუძნება, რომელთა დახმარებითაც იმართება კომპანიის შიდა შრომის უსაფრთოხების სისტემა.

ნიშანდობლივია, რომ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება ვერ იქნება ეფექტიანი დამატებითი მექანიზმების დამკვიდრების გარეშე. ამ მიზნით, ლატვიის ხელისუფლებამ უზრუნველყო ქმედითი სისტემის სრული სპექტრის ჩამოყალიბება: პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, რის საფუძველზეც  მკვეთრად შემცირდა საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა და დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღიარებულ იქნა როგორც მთავარი ფასეულობა სამუშაო ადგილებზე [3].

ამავე პერიოდში, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2003 წლის „შრომის უსაფრთხოების გლობალურ სტრატეგიას“ და  1994 წლის „შრომის უსაფრთხოების დეკლარაცია ყველასათვის“, რითაც განისაზღვრა შრომის უსაფრთხოების სისტემის მიზანი: ხელისუფლებამ დაადგინოს საკანონმდებლო რეგულაციები საწარმოო დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სოციალური, ეკონომიკური, ტექნიკური და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ამასთან, შრომის უსაფრთხოების სისტემის ამოცანას წარმოადგენდა სამუშაო გარემოს რეაბილიტაცია, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, უბედური შემთხვევების შემცირება, პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება და სტაბილური სისტემის შექმნა. 

საყურადღებოა, რომ ლატვიის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკანონმდებლო ბაზა განსაზღვრულია 2001 წლის 20 ივნისის „შრომის დაცვის შესახებ“ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის პირველ იანვარს.  „შრომის დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოხდა ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის -„შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, ძირითადი მოთხოვნების ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში. ახალმა შრომის დაცვის კანონმა ჩაანაცვლა 1993 წლის 4 მაისის „შრომის დაცვის“ კანონი. ძველი კანონის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა განსაზღვრული იყო არამხოლოდ ლატვიის მისწრაფებით დაახლოებოდა ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს, არამედ იმ ფაქტით, რომ წინა კანონმდებლობის პრინციპები უკვე მოძველებული იყო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში და მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები ვერ უზრუნველყოფდა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სრულ დაცვას. ახალი კანონმდებლობა მთელი შრომის უსაფრთხოების სისტემის ჭრილით დაეფუძნა რისკების პრევენციის პრინციპებს (უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, სამუშაო ადგილების დასაქმებულთა საჭიროებებზე მორგება და ა.შ) [4].

ლატვიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის რეგულირება და მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის  მოთხოვნებთან, წარმოადგენდა აუცილებლობას ნაბიჯებს პროგრესის მისაღწევად, თუმცა, ეს ვერ იქნებოდა განხილული როგორც ერთადერთი და გადამწყვეტი მექანიზმი შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებისთვის ეროვნულ და საწარმოო დონეზე. მნიშვნელოვანი იყო, კანონმდებლობის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის მიღწევა.

ამ მიზნით, ლატვიაში გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: შემუშავდა ნორმატიული აქტები შრომის უსაფრთოხების დაცვის მიზნით,  ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება ჩაერთო ევროკავშირის მოთხოვნების ჰარმონიზაციის პროცესში, დასაქმებულებს გაეწიათ კონსულტირება და საჯარო ინფორმაციის გავრცელებით უზრუნველყოფილ იქნა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის კრიტიკულად მნიშვნელოვნად აღიარება [5].

ლატვიის მთავრობამ, ეროვნული სამმხრივი სოციალური დიალოგის პლატფორმის ქვეშ, ჩამოაყალიბა  საკონსულტაციო საბჭო შრომის უსაფრთხოების სფეროში, სადაც ბიზნესთან თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად დიდი დოზით ჩაერთო დამსაქმებელა ასოციაციები, ხოლო საბჭოს მთავარ მიზნად განისაზღვრა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკოთხებზე შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. საკონსულტაციო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ კეთილდღეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის სახელმწიფო ინსპექციის, ლატვიის თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციისა და ადგილობრივი დამსაქმებელთა ფედერაციის წარმომადგენლები. სამმხრივი სოციალური დიალოგის ფორმატით მხარეებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივები, ხოლო უშუალოდ სოციალური პარტნიორები ჩართულნი იყვნენ ნორმატიული აქტების გადამუშავების პროცესშიც. მიმდინარე ეტაპზე, ლატვიის კეთილდღეობის სამინისტრო ახდენს შრომის უსაფრთხოების სისტემის ადმინისტრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამინისტრო პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, განვითარებასა და კოორდინირებაზე, ხოლო მისი სტრუქტურული ერთეული - „შრომის სახელმწიფო ინსპექცია“ ზედამხედველობას  უწევს შრომის დაცვის საკითხებს ქვეყანაში. შრომის უსაფრთხოების ინსტიტუციური სისტემა კი ასე გამოიყურება (იხ. სქემა):

შრომის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია

აღსანიშნავია, რომ ლატვიის შრომის დაცვის კანონი  პირდაპირ ეხმიანება  შრომის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნებს, რომლის გათვალსიწინებითაც კეთილდღეობის სამინისტროს საშუალება აქვს მოახდინოს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირება შრომის დაცვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. შრომის დაცვის განვითარების სტრატეგია დამტკიცებული იქნა მინისტრთა კაბინეტის მიერ 2016 წლის 20 იანვარს [6].

ლატვიის განახლებული შრომის უსაფრთხოების სისტემა ეფუძნება გაეროს „სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგიას“, განსაკუთრებით იმ საკვანძო საკითხებში, რაც ეხება  შრომის უსაფრთხოების კონცეფციების შემუშავებასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების  ჩამოყალიბებას.  სტრატეგია ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო მთავარ საკითხად წარმოდგენილია ჯანმრთელობის დაცვა,  შრომის უსაფრთხოება და გარემო პირობები სამუშაო ადგილზე. ამ მიდგომებმა კი უნდა გააუმჯობესოს ეკონომიკური პირობები და აამაღლოს კეთილდღეობის დონე. 

შრომის სახელმწიფო ინსპექცის, როგორც ერთადერთ  სახელწიფო საზედამხედველო  ორგანოს სამართლებრივი სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის პროცედურები განსაზღვრულია  2008 წლის 19 ივნისის „შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ“ კანონით. ინსპექცია ახდენს შრომით-სამართლებრივი და შრომის უსაფრთოხების პოლიტიკის იმპლემენტირებას და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური და სამართლებრივი დაცვა სამუშაო ადგილებზე.

ნიშანდობლივია, რომ 2000-იანი წლების ბოლოს განხორციელებული აქტივობა და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაძლიერება გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა საწარმოო უბედური შემთხვევების პრევენციასა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების საქმეში. მკაცრი ადმინისტრირების პოლიტიკა, გაზრდილი საჯარიმო სანქციები და საწარმოს საქმიანობის შეჩერების უფლებამოსილება, ძირეულად ცვლიდა კერძო ბიზნესის მენეჯმენტის ხედვებს და აიძულებდა მათ გაეთვალისწინებინათ შრომის უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის მიზნები [7].

*  *  *

დასასრულ, დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოებისა სისტემა ლატვიაში ბოლო წლების განმავლობაში დიდი გარდაქმნების პირობებში ყალიბდებოდა. ეს ცვლილებები მოიცავდა ფორმირების ფართო სპექტრს, როგორიცაა: ფუნდამენტურად განსხვავებული კანონმდებლობის შემუშავება, ახალი მოთხოვნების იმპლემენტირება ეროვნულ კანონმდებლობაში, ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საექსპერტო საქმიანობის გაუმჯობესება შრომის ინსპექციაში და სხვა. ამავდროულად, ლატვიის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია იცვლება რადიკალურად და ყალიბდება ახალი კომერციული ორგანიზაციები, რასაც თან ახლავს გარკვეული ინდუსტრიული სექტორების დომინირება. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ცვლილებამ გამოიწვია საწარმო-დაწესებულებების დონეზე შიდა უსაფრთხოების სისტემების ცვლილების აუცილებლობა და მისი თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება პრევენციული მიდგომა, რომელიც ეფუძნება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების პრინციპებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლატვიის შრომის უსაფრთხოების სისტემა აგებულია ქვეყანაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე, დასაქმებულთა სიცოცხლისუნარიანობის გაზრდასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აშკარაა, რომ ცენტრალურ დონეზე გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს ფუნდამენტურ საფუძველს პრევენციული პოლიტიკის გატარების ეტაპზე და ქმნის საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების მყარ გარანტიებს.

ლიტერატურა: